რა ხდება „ბათუმარანში“ მაშინ, როდესაც ხუთივე მზარეულს განსხვავებული აზრი აქვს

თებერვალი 14, 2017

<h3>  რა ხდება „ბათუმარანში“ მაშინ, როდესაც ხუთივე მზარეულს განსხვავებული აზრი აქვს  </h3>

ისინი ჯერ ყველა ინგრედიენტს სწავლობენ, შემდეგ უთავსებენ ერთმანეთს ფერს, გემოსა და სურნელს და ქმნიან ახალს - სიახლის შექმნა „ბათუმარანის“ სამზარეულოს მთავარი სავიზიტო ბარათია.
თუმცა სიახლე მხოლოდ გემოში არ გამოიხატება, „ბათუმარანის“ შეფ-მზარეული მხატვარია. აქ კერძების გაფორმება ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია. სამზარეულოში ხუთი მზარეულია, ხუთივეს გემოვნება განსხვავებულია, თუმცა ამბობენ, რომ ეს კარგია. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიაა, რომლის შედეგადაც საბოლოოდ მრავალფეროვანი მენიუ იქმნება.

ალბერტ არუტიუნიანი - მზარეული

ალბერტ არუტიუნიანი: აზრთა სხვადასხვაობაში საბოლოოდ მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან გემრიელ და ახალ კერძებს. ეს არის ყველაზე საინტერესო შემოქმედებითი პროცესი კულინარიაში. ასე გამოვიგონეთ - საფირმო კერძი „ბათუმარანი“, ქათმის ასორტი, ხბოს ხორცის ასორტი,ხორცის რულეტი, ბოსტნეულის მიქსი, ამ ეტაპზე გვაქვს ახალი კერძები - „გვირილა“ და „ქათმის ფრთები მექსიკურად“.

არმენ დავითიანი - მზარეული

მზარეული არმენიც ფიქრობს, რომ მზარეულის პროფესია დადგენილ სტანდარტებს არ ექვემდებარება და მუდმივად სიახლის ძიებაში უნდა იყო.

არმენ დავითიანი: „რესტორანი მომხმარებლებს სიახლეს უნდა სთავაზობდეს. ჩვენ სულ გვაქვს სხვადასხვა აქცია და შეთავაზება. ასევე ვფიქრობთ მომხმარებლების განწყობაზე. კერძის დაგვიანების დროს,რომელიც თითქმის ყველა რესტორანში გარდაუვალი პროცესია, გვინდა მომხმარებლებს შევთავაზოთ მინიატურული კერძი წასახემსებლად, სახელწოდებით - „უკაცრავად, მაპატიეთ“ Smile

სერ სერგო ლომთაძე - შეფ-მზარეული

შეფ-მზარეულ სერგო ლომთაძისთვის კულინარია ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო საქმეა. „წარმოიდგინეთ, შენი ქვეყნის სამზარეულოს გასაცნობად ადამიანები მოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ გემრიელად გაუმასპინძლდე და მისთვის „ბათუმარანში“ სტუმრობა დასამახსოვრებელი გახადო.“

სტუმრები უკრაინიდან

მზარეულები ამბობენ, რომ ხორციანი, მსუყე კერძები ყველაზე მოთხოვნადია, თუმცა ამ არჩევანთან დაკავშირებით კულინარებს ქართველი მომხმარებლების მიმართ ერთი რჩევა აქვთ - „ძირითადად, რატომღაც ძალიან მაგრად შემწვარი ხორცეული მიიჩნევა ყველაზე ხარისხიანად და გემრიელად, თუმცა, თუკი გასინჯავთ, დამეთანხმებით, რომ მაგალითად, მწვადის ხორცი ოდნავ შემწვარი უფრო გემრიელი და სასარგებლოა.''

სასარგებლოსთან დაკავშირებით მზარეულებს კიდევ ერთი სურვილი აქვთ - ქართულ ბაზარზე შეძლონ უფრო ბევრი, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციის შეძენა, რომ ქართული სამზარეულო უფრო გემრიელი გახადონ.

და ბოლოს, სამი რჩევა „ბათუმარანის“ მზარეულებისგან:

  • მთავარია მზარეულმა კერძი გულით გააკეთოს.

  • მომსახურე პერსონალმა უნდა იცოდეს კერძების შემადგენლობა და მისი კლასიფიკაცია სასმელებთან.

  • ზემოთ აღნიშნული პუნქტები კი ვერ განხორციელდება, თუკი სერვისში ღიმილი და პოზიტიური განწყობა არ იქნება Smile