დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჩვენ შესახებ

რესტორანი ბათუმარანი

აჭარული კერძების დაგემოვნების გარეშე, აჭარაში ცხოვრება, თუ დასვენება, განახევრებული სიამოვნებაა. არსებობს აჭარული ტრადიციული კერძები, რომელთა ნამდვილი გემოს გაგება მხოლოდ ოჯახებშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიწვიეთ ოჯახის დიასახლისები და გადავწყვიტეთ, აღგვედგინა ტრადიციული აჭარული სამზარეულოს 90% და ერთგვარი კულინარიული მოგზაურობა მოვაწყვეთ. რეცეპტების მოსაძიებლად რესტორნის თანამშრომლები ეთნოგრაფებთან და ფოლკლორისტებთან ერთად მუშაობდნენ. მოგზაურობდნენ მაღალმთიან აჭარაში და ეძებდნენ ძველ წიგნებში რეცეპტების ვარიაციებს.

კერძების მოკლე ისტორიას სასმელებთან ერთად, ჩვენს ვებ გვერდზე ნახავთ. „ბათუმარანის“ მენიუ 60-მდე სხვადასხვა კერძისგან შედგება, რომლის ნაწილიც კარგად ცნობილი აჭარული სამზარეულოა, ნაწილი კი  – თითქმის მივიწყებული გემოები, რომელიც „ბათუმარანში“ გაცოცხლდა.

ლაბასხმული საქონლის ხორცით, ნაღბიბორა, ჩირბული ნიგვზით, იახნი, წვნიანი სახელად – გაცურებული, შემწვარი ქათამი ნიგვზის ზეთში, რა თქმა უნდა, ბორანოს მრავალფეროვანი სახესხვაობები და სინორი, აჭარული ხაჭაპური ჩლეჩილი ყველითა და მთის კარაქით. 

 

დესერტადაც აჭარული ტკბილეული: ყაისაფა, ბაქლავა, ბორეგი და სხვა. გარდა ეტიკეტირებული ალკოჰოლური სასმელებისა, აქ დააგემოვნებთ ოჯახის ღვინოსა და ხურმის, აკაციის, ვაშლისა თუ თაფლის, ასევე ოჯახში გამოხდილ არაყს. ეს მცირე ამონარიდია ,,ბათუმარანის“ მრავალფეროვანი მენიუდან. ზოგიერთი კერძის სახელწოდება აუცილებლად გეცნობათ, ზოგიც ნამდვილად აღმოჩენა იქნება. ბათუმარანი, ეს არის ადგილი, სადაც კერძები არა მხოლოდ გემოებით, არამედ ამბებად, ისტორიებად დაგამახსოვრდებათ.

რესტორნის პირველი სართული ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთგვარი მინი მოდელია.  „ბათუმარანის“ სტუმრებს რესტორნის მასპინძელი ეთნოგრაფიულ კუთხეს გააცნობს. სტუმრები დაათვალიერებენ აჭარაში გავრცელებულ უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს: შრომის იარაღებს, ღვინისა და არყის დამზადებისას აუცილებელ ხელსაწყოებსა და აჭარული სუფრის შემადგენელ ჭურჭელს. აქვეა ცალკე მოწყობილი, აჭარისთვის დამახასიათებელი რძის პროდუქტებისთვის აუცილებელი ჭურჭლის კუთხე, სადაც ორი საუკუნის კარაქის სადღვები ,,ვარია“, ერბოს, ყველისა და რძის შესანახი ჭურჭელია გამოფენილი. ყველა ექსპონატი აჭარის სოფლებში მოგზაურობის დროს ოჯახებისგანაა შეძენილი.

დაუვიწყარი გემოებით, ცოცხალი პიტნის, დაფნისა და რეჰანის არომატით გაჯერებულ „ბათუმარანის“ სივრცეში, აჭარულ სუფრასთან გეპატიჟებით. 

მომხმარებლის შეფასებები