დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ბორანო

შემადგენლობა

აჭარული დაწნული ყველი (ჩლეჩილი), აჭარული კარაქი (იაღი).

კერძის ისტორია

ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთი სავიზიტო კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების შედეგად შეიქმნა. დღეს არსებობს ბორანოს ძირითადი და რამდენიმე სახეცვლილი სახეობა (ნაღების, კარტოფილისა და კვერცხის). ტრადიციული ფორმით, ბორანო - ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.

ბორანოს შექმნის ისტორიას, რამდენიმე  სახალხო თქმულება უკავშირდება. გაგაცნობთ ოთხ მათგანს:

  1. რადგან ბორანო მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძია, სადაც ოდითგან მესაქონლეობა იყო განვითარებული და შესაბამისად, რძის პროდუქტებიც უხვად მოიპოვებოდა, ტრადიციულად, კერძების დიდი ნაწილი სწორედ რძის პროდუქტების სინთეზით მიიღებოდა; 
  2. მთაში, როგორც ვიცით, ზამთარი საშუალოდ ექვსი თვე გრძელდება და იქ მცხოვრებთ საკვები პროდუქტების მომარაგება-შენახვა უხდებოდათ. კარაქი (იაღი) და ყველი, სწორედ ის პროდუქტებია, რომელთა შენახვაც რამდენიმე თვეა შესაძლებელი. შესაბამისად, ზამთარში ბორანო მთიელთა ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა;
  3. მთის ცხოვრების წესის მიხედვით, ოჯახები ძირითადი საცხოვრებელი სახლებიდან 5-10 კილომეტრის მოშორებით მუშაობდნენ, რასაც ადგილობრივები დღემდე ’’ყიშლას’’ ან ’’ზეგანს’’ უწოდებენ და იქ ერთ მომცრო ზომის ქოხში ათევდნენ (ათევენ) ღამეს. შორი მანძილის გამო, ბუნებრივია, საკვებად  მხოლოდ რამდენიმე დასახელების ინგრედიენტი მიჰქონდათ, რომელთაგანაც ნოყიერი კერძი  მარტივად მზადდებოდა. ფიზიკურად მუშაობის დროს ასეთი კერძი ორგანიზმს ენერგიას ჰმატებდა. ასეთ როლს ასრულებდა, ძირითადად, ტრადიციული ბორანო. დღემდე მიიჩნევა, რომ ფიზიკური სამუშაოს შესრულების დროს, რეკომენდებულია ბორანოს მირთმევა;
  4. აჭარაში ბევრი ცნობილი თამადა ასეთ ხრიკს მიმართავს: ქეიფის (ალკოჰოლის მიღების) დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბორანოს მიირთმევს, რადგან ბორანოს მთავარი ინგრედიენტი კარაქია (იაღი) და ჭარბი ცხიმის მიღება ალკოჰოლს ანეიტრალებს. თამადები დიდი რაოდენობის ალკოჰოლს იღებენ და ფხიზლად არიან.

რადგანაც ბორანო სწრაფად (საშუალოდ 7-10 წუთი) მზადდება, მთაში მას ’’სუფრის სასწრაფო დახმარებას’’ ეძახიან.

 

*2019 წლის 13 მარტსსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, "ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

დაჯავშნა