დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

იახნი ქობულეთურად

შემადგენლობა

ხორცი, ხახვი, ნიორი, მწვანილები, ქართული ნიგოზი, სანელებლები.

კერძის ისტორია

იახნი ტრადიციული აჭარული სამზარეულოს განსაკუთრებული კერძია, რომელიც კინტრიშის ხეობიდან იღებს სათავეს. მას "მდიდრების კერძს" უწოდებენ. ხორცისგან მომზადებული კერძი, ძირითადად, ქობულეთშია გავრცელებული და სადღესასწაულო კერძად მიიჩნევა. მის მომზადებას ყველას არ ანდობენ და ადამიანი, ვინც ამ კერძს გემრიელად ამზადებს, კულინარიაში ოსტატად მიიჩნევა.

ერთი შეხედვით, მეგრულ ხარჩოს მოგვაგონებს. მათ შორის არის ბევრი საერთო და გემოვნური თვისებებითაც ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან.
მიიჩნეოდა, რომ ოჯახი, რომელიც ამ კერძით უმასპინძლდებოდა მოწვეულ სტუმრებს, მდიდარი და შეძლებული იყო.

დღესასწაულებზე მის მოსამზადებლად ადრე საგანგებოდ დაიქირავებდნენ ადამიანს, რომელსაც ამ კერძის მომზადებას ანდობდნენ. ასეთი ადამიანი, ყოველთვის განთქმულ მზარეულად მიიჩნეოდა.

ქობულეთური იახნი საქონლის ხორცის, ნიგვზისა და სანელებლების ნაზავს წარმოადგენს. მომზადების დროს არასოდეს იცავენ წინასწარ დადგენილ დოზებს, არ არის რაიმე წესი, რომლითაც მასში შემადგენელი მასალის რაოდენობის ზუსტი დაცვა განისაზღვრება. იგი მთლიანად მზარეულის ფანტაზიაზე, გამოცდილებასა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ეს არის კერძი, რომელიც მზადდება საყოველთაოდ გავრცელებული ინგრედიენტებისაგან, მაგრამ მოითხოვს დიდ კულინარულ გამოცდილებას და ალღოს. სწორედ მასზეა დამოკიდებული საბოლოო შედეგი, რომელსაც ფერით, სისქით და გემოთი აფასებენ. არსებობს ამ კერძის მომზადების იმდენი რეცეპტი, რამდენი მზარეულიცაა.

იახნს ერთი თვისება აქვს - ის ძალიან მალე ცივდება, ამიტომ სუფრასთან მიაქვთ ცხლად და ხშირ შემთხვევაში, განმეორებით აცხელებენ.

მიიჩნევა, რომ ეს კერძი მომზადებიდან მეორე დღეს უფრო გემრიელია (გაცხელებული), რადგანაც სანელებლები განსხვავებულ გემოს და არომატს სწორედ დროის გასვლის შემდეგ ავლენს.

დაჯავშნა